საინტერესო ფაქტები

  • ძველი ქართული ლეგენდის თანახმად, სიტყვა ბორჯომი ორი სიტყვისაგან  - “ბორჯი” და “ომი” შედგება. ხშირი ომიანობის დროს ბორჯომს მისი ხელსაყრელი მდებარეობა, ხეობაში ციხე-სიმაგრესავით იცავდა. ხეობის ფერდობებზე კი აშენებული იყო სათვალთვალო კოშკები.
  • „ბორჯომი“ თავისი უნიკალური შემადგენლობით და საოცარი თვისებებით ტოლს არ უდებს ისეთ ცნობილ წყლებს, როგორიცაა, Vichy-Grande-Grille მინერალური წყალი საფრანგეთში და სილეზის წყარო გერმანიაში. შემთხვევითი არ იყო, რომ ასი წლის წინ ბორჯომის ხეობაში მდებარე კურორტს ევროპელები „რუსულ ვიშის” უწოდებდნენ.
  • „ბორჯომის“ წყლის ჩამოსხმის პირველი მცდელობა ჯერ კიდევ 1850 წელს დაფიქსირდა. სამხედრო ლაზარეთის აფთიაქარმა, ზახაროვმა წყალი 1300 ბოთლში ჩამოასხა და გასაყიდად გაიტანა. 
  • 1900 წელს „ბორჯომის“ მინერალური წყლის წარმოებამ პირველად გადააჭარბა წელიწადში ერთ მილიონ ბოთლს. 
  • 1980 წელს „ბორჯომი“ პირველი ბრენდი გახდა, რომლის წითელ-თეთრი ეტიკეტი აბსოლუტურად ცნობადი იყო მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ყოველდღიურად იყიდებოდა მილიონამდე ნახევარლიტრიანი ბოთლი, ხოლო წარმოების წლიურმა მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს - 400 მილიონ ბოთლს მიაღწია. „ბორჯომი“ არა მარტო პოპულარული წყალი გახდა, არამედ მთელი ქვეყნის ისტორიის ნაწილად იქცა. 
  • „ბორჯომის“ ბოთლის სახასიათო მოცისფრო-მომწვანო ფერი დაპატენტებულია და საკუთარი სახელიც კი აქვს _ - Georgian Green (ქართული მწვანე).
  • „ბორჯომის“ მინერალურ წყალში შემავალი ფტორისა და იოდის იონები კარიესის წარმოშობის საფრთხეს ამცირებს. 
  • უინსტონ ჩერჩილის საბჭოთა კავშირში ვიზიტის დროს მაგიდაზე იდგა „ბორჯომის“ ბოთლი, როგორც ოფიციალური პროტოკოლის განუყოფელი ნაწილი.
  • როცა იური გაგარინი კოსმოსიდან დაბრუნდა, პირველი რაც მოითხოვა „ბორჯომი“ იყო. ამის შესახებ პროფესორმა ვოლოვიჩმა განაცხადა, რომელიც სამედიცინო კვლევით-სამაშველო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. 
  • რეპეტიციების დროს ცნობილი რეჟისორი, ტოვსტონოგოვი მუდამ პარტერის მეთორმეტე რიგში იჯდა, სადაც მისთვის წინასწარ იყო მომზადებული „ბორჯომის“ ბოთლი. 
  • ცნობილი ფილმის, „სოლიარისის“ გადაღებისას, კონფერენციის სცენაში, რომელიც სცენარის მიხედვით შორეულ მომავალში ხდებოდა,  მაგიდაზე დგას „ბორჯომის“ ბოთლი. გადამღები ჯგუფის წევრების აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ მოქმედება მომავალში ხდებოდა, „ბორჯომის“ ეტიკეტი არ უნდა გამოეჩინათ. რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი კი ჯიუტად რჩებოდა იმ აზრზე, რომ მაყურებელს ეტიკეტის წაკითხვა უნდა შეძლებოდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ „ბორჯომს“ დროთა ცვლა ვერაფერს დააკლებდა.