საბადო

კავკასიის მთები მთელს მსოფლიოში ცნობილია თავისი სილამაზითა და სიდიადით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი კი უდიდესია ევროპაში. იგი 61,235 ჰექტარზეა გადაჭიმული. მშვენიერმა ბუნებამ, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო კლიმატმა და რაც მთავარია, მინერალურმა წყლებმა ბორჯომი ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტად აქცია. მეცნიერები და ეთნოგრაფები მის „კლიმატურ ფენომენზე” ამახვილებენ ყურადღებას. ბაკურიანის მთებიდან წამოსული კამკამა, ცივი წყალი, კლდისძირში გაზრდილი რელიქტური ფიჭვნარი განსაკუთრებულ ეკოსისტემას ქმნის, რომლის ვულკანურ წიაღშიც იბადება მსოფლიოში ცნობილი, ბორჯომის ხეობის მინერალური წყალი "ბორჯომი".

წყლის უნიკალურ თვისებებზე ჯერ კიდევ უძველეს ეპოსშია საუბარი. ისტორიკოსებისა და არქეოლოგების მტკიცებით, ძველად „ბორჯომს“ არა მარტო სვამდნენ, არამედ სამკურნალო აბაზანებისთვისაც იყენებდნენ. ამას ადასტურებს გათხრების დროს ნაპოვნი ქვის აბაზანები, რომელიც ჩვ.წ.აღ-ით პირველი ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება. გარდა ამისა, აღმოჩენილია შუა საკუნეების თიხის მილები, რომელიც ბორჯომის ზოგიერთ წყაროს უერთდებოდა. XVI-XVIII საუკუნეებში მრავალრიცხოვანი ომებისა და მტრის შემოსევების გამო ეს ადგილები მოსახლეობამ მიატოვა და დიდი ხნით დავიწყებას მიეცა. მე-XIX საუკუნეში, საქართველოს რუსეთის იმპერიასთან მიერთების შემდეგ კი,  მინერალური წყალი კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში .

„ბორჯომის“ მინერალური წყალი სათავეს კავკასიის მთებში, აჭარა-იმერეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში იღებს,ზღვის დონიდან 850 – 2500 - მეტრის სიმაღლეზე. „ბორჯომის“ მინერალური წყალი ბორჯომის ნაკრძალში მდებარე ჭაბურღილებიდან მოიპოვება, რომელთა სიღრმე 1100 დან 1500 მეტრამდე მერყეობს.


ბორჯომის ხეობა


„ბორჯომის“ საბადოს კვლევა 1927 წლიდან დაიწყო. 1927-დან 1982 წლამდე პერიოდში გაიბურღა სხვადასხვა (18,4-დან 1502 მეტრამდე) სიღრმის 57 ჭაბურღილი. კვლევითი სამუშაოების ჩატარებამდე საბადოს ცენტრალურ მონაკვეთზე ორი მინერალური წყარო არსებობდა: ევგენისა და ეკატერინეს წყაროები. ეს წყაროები „ბორჯომის“ ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი პირველად აღმოჩენილი. წყაროებს სახელი პილკოვნიკ ევგენი გოლოვინისა და მისი, წყლით განკურნებული ქალიშვილის, ეკატერინეს საპატივცემულოდ ეწოდათ.

მინერალური წულის „ბიუვეტი“ ბორჯომის ეროვნულ პარკში


დღეს, ბორჯომის ველზე სამი საექსპლუატაციო მონაკვეთია: ცენტრალური (ქალაქ ბორჯომის ფარგლებში), ლიკანის (სოფელ ლიკანის ტერიტორიაზე) და ვაშლოვან-ყვიბისის (სოფლების: ვაშლოვანისა და ყვიბისის ტერიტორიებზე). ამ მონაკვეთზე განლაგებულია 9 საექსპლუატაციო ჭაბურღილი, დანარჩენი  13 ჭაბურღილი კი  საბადოს რეგულარული მონიტორინგისათვის (წყლის დონე, წნევა, ტემპერატურა და სხვა) გამოიყენება. 2000 წლიდან სისტემატურად ტარდება საწარმოო ჭაბურღილების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა კომპლექსი, რომლის მიზანია ხარისხის მაღალი, საერთაშორისო სტანდარტების შენარჩუნება.

რომანოვების ოჯახი ბიუვეტთან

ფოტო: სერგეი პროკუდინ - გორსკი


1957-1978 წლებში ბურღვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბორჯომის საბადოს საზღვრები და საგრძნობლად გაიზარდა წყლის მარაგი, რამაც საბჭოთა პერიოდში შესაძლებელი გახადა წელიწადში 400 მილიონი ბოთლი „ბორჯომი” ჩამოესხათ. 

კავკასიაში  ბევრი მინერალური წყალი მოიპოვება, მაგრამ არც ერთ მათგანს არ გააჩნია ისეთი შემადგენლობა, როგორიც „ბორჯომს” აქვს. XIX საუკუნიდან დაწყებული წყლის უნიკალურ თვისებებზე 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სამედიცინო კვლევა გამოქვეყნდა. 170 წელზე მეტია, „ბორჯომის“ საბადო გეოლოგებისა და ქიმიკოსების მუდმივი დაკვირვების ქვეშაა. მათი კვლევები ადასტურებენ მინერალური წყლის ტემპერატურის, ფიზიკური და ქიმიური თვისებების და მისი მინერალური შემადგენლობის უცვლელობას. დღეს „ბორჯომის” შემადგენლობა ზუსტად ისეთია, როგორიც იყო მისი აღმოჩენის დროს. ამას ამტკიცებს 1890 წლიდან დღევანდელ დღემდე რეგულარულად წარმოებული კვლევის შედეგები.