ეტიკეტეტი და ბოთლები

ეტიკეტეტი და ბოთლები

ბოთლი „ბორჯომის“ განუყოფელი ნაწილია. მისი მახასიათებლები ყველასათვის ცნობილია წლების მანძილზე - მოცისფრო-მომწვანო მინა ან პლასტმასი, განთქმული ირემი - ბორჯომის ხეობის სიმბოლო და მთელს მსოფლიოში ცნობილი საფირმო ეტიკეტი.

ამ მინერალური წყლის 125 წლიანი ისტორიის მანძილზე ბოთლის ფორმა რამდენჯერმე შეიცვალა. თუმცა, უკვე საბჭოთა პერიოდში, საბოლოოდ შეირჩა დღესდღეობით ყველასათვის ნაცნობი ფორმა და განისაზღვრა დღევანდელი „ბორჯომის“ იერსახის განმსაზღვრელი „ატრიბუტები“. 2017 წელს კი „ბორჯომის“ პორტფელს ახალი შეფუთვა - ალუმინის 0.33ლ-იანი ქილა შეემატა.

ეს „ბორჯომის“ერთ-ერთი პირველი ბოთლია, რომელიც სპეციალურ სადგამზეა მოთავსებული.

ბოჯრომში სპეციალურად მოწვეულმა ქიმიკოსმა ფ. მოლდენჰაუერმა ბოთლებში ჩამოსხმული მინერალური წყლის ქიმიური და ფიზიკური თვისებების შენახვის მეთოდი შეიმუშავა. ამ პერიოდიდან, ანუ 1900 წლიდან, სწორედ ამ ბოთლით, „ბორჯომი“ მსოფლიოს დაპყრობას იწყებს. ფ. მალდენჰაუერის მეთოდით, მინერალური წყლის ნახშირმჟავა გაზით გაჯერება ხდებოდა, ეს კი საშუალებას იძლეოდა შეენარჩუნებინათ მასში ყველა სასარგებლო ელემენტი. სწორედ, ამ მიგნებამ გახადა შესაძლებელი „ბორჯომის“ ექსპორტზე გატანაც.

XX საუკუნის დასაწყისის ბოთლები: ეტიკეთით და უეტიკეტოდ.

მარჯვნივ მდგომ ბოთლში ნათლად ჩანს, რომ მასში დარჩენილია იმ პერიოდში ჩამოსხმული „ბორჯომი“. XX საუკუნის დასაწყისში, ბორჯომის ხეობის უნიკალური მინერალური წყალი სხვა ქვეყნებსაც იპყრობს და უამრავ ჯილდოს იღებს (პრემიები, დიპლომები, სიგელები), საერთაშორისო გამოფენებზე ბელგიაში, რუსეთსა და გერმანიაში.

ასე ამოწმებდნენ მინერალური წყლის „ბორჯომის“ ბოთლების ხარისხს მინის ქარხანაში (1905 წლის ფოტო).

„ბორჯომის“ სახელი მთელ მსოფლიოში ქუხს

„ბორჯომის“ სახელი მთელ მსოფლიოში ქუხს. უძვირფასესი წყლის თითოეულ ბოთლზე დიდი მოთხოვნაა, წუნის დამშვებს მკაცრი განაჩენი ელის. ხარისხის კონტროლი მზარდი, მიზანმიმართული ტემპების მქონე საწარმოო პროცესის განუყოფელი ნაწილია. 1905 წელს, როცა ეს ფოტო გადაიღეს, „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხანა უკვე მექანიზებულია და ექსპორტის მაჩვენებელი, იმ დროისთვის რეკორდულია - 320 000 ბოთლი წელიწადში!

პირველი ჩამომსხმელი ქარხნის მაკეტი (ოფიციალური ექსპოზიცია - ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი).

სწორედ ამ ქარხანაში ხდებოდა „ბორჯომის“ მინის ბოთლებში ჩამოსხმა. ბოთლებში, რომელსაც იმ პერიოდში ხელით ბერავდნენ, დღის სინათლეზე ამოწმებდნენ, რომ გამოერიცხათ წუნი და მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ იწყებოდა ჩამოსხმის პროცესი. ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობა 1894 წელს დასრულდა და ХХ-ე საუკუნის 50-იან წლებამდე გამართულად იმუშავა. 1953 წელს კი ამ ტერიტორიაზევე ახალი ქარხანა აშენდა.

საბჭოთა პერიოდის დროინდელი „ბორჯომის“ ბოთლების კოლექცია. 1907-2000 წლების ეტიკეტები.

საბჭოთა კავშირის დროინდელი ეტიკეტის დიზაინი დიდი სიფრთხილით იცვლებოდა რათა, არ დაკარგულიყო „ბორჯომის“ სიმბოლიკის ცნობადობა. წლებთან ერთად „ბორჯომი“ ნელ-ნელა კრემლის ოფიციალური პროტოკოლის განუყრელი ნაწილი ხდება. არც ერთი უმაღლესი დონის შეხვედრა არ ტარდება ქართული მინერალური წყლის გარეშე.

პოპულარული მინერალური წყალი ნელ - ნელა ჩნდება ბევრ საბჭოთა და მსოფლიო დონის ფილმში („ბორნის ულტიმატუმი“, „სოლარისი“, „ტერმინალი“, „ზღვარზე“ და სხვა).

„ბორჯომის“ ერთ-ერთი პირველი ეტიკეტი (1907-1909წ.)

ეს ეტიკეტი გამოიყენებოდა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისათვის. ეტიკეტის ქვემოთ იყო წარწერა „ეკატერინეს წყარო“. ეს წარწერა გვახსენებს 1841 წელს: როცა მეფის რწმუნებული ისეთი აღფრთოვანებული იყო ამ მინერალური წყლის ეფექტით, რომ ერთ-ერთ წყაროს მისი შვილის სახელი - „ეკატერინეს წყარო“ დაარქვა, ხოლო მოგვიანებით, მეორე წყაროს თავისი სახელი - „ევგენის წყარო“ უწოდა.

„ბორჯომის“ ერთ-ერთ პირველი ეტიკეტი (1907-1990წ.). იგი გამოიყენებოდა მხოლოდ ექსპორტისთვის.

ინფორმაცია ეტიკეტზე ძირითადად ფრანგულ ენაზე იყო (დახასიათება, შემადგენლობა, თვისებები). ეტიკეტზე რუსულ ენაზე არსებული წარწერა შეიცავდა მოკლე ინფორმაციას

„ბორჯომის“ დადებითი თვისებების შესახებ და მიანიშნებდა მის მსგავსებაზე ფრანგული წყაროს წყალ „Vichy”-სთან.

პირველი საბჭოთა საექსპორტო ეტიკეტი (1950წ.)

„ბორჯომის“ ჩამოსასხმელი ქარხანა, რომელიც ჯერ კიდევ ნიკოლოზ რომანოვის დროს აშენდა, მეოცე საუკუნის 50-იან წლებამდე ფუნქციონირებდა. ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე, „ბორჯომზე“ მზარდი მოთხოვნის გამო, ძველი ქარხნის მახლობლად აშენდა იმ პერიოდისათვის თანამედროვე „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხანა N1(1953წ.) უკვე 1961 წელს, „ბორჯომის“ ექსპორტის მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა. ამ უნიკალურ მინერალურ წყალს უკვე 15 ქვეყანაში იცნობდნენ, მათ შორის: ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში და ავსტრიაში...

სახელმწიფო ეტიკეტი 1953 წელი.

„ბორჯომის“ ბოთლი, სწორედ ამ ეტიკეტის არსებობის პერიოდში, ქვეყნის ყველა ოფიციალური შეხვედრის განუყოფელი ნაწილი გახდა. შეხვედრების და პოლიტბიუროს სხდომების ამსახველი კადრები, სადაც მაგიდებზე თავმომწონედ იდგა „ბორჯომის“ ბოთლები, მუდმივად ვრცელდებოდა საბჭოთა დროის საინფორმაციო გადაცემა „ვრემიაში“, რომლის ყურებაც სხვათაშორის იმ პერიოდში აუცილებელი და სავალდებულოც კი იყო. სწორედ ამ აღიარებამ უზრუნველყო ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ პოპულარობა მთელ საბჭოთა კავშირში.

ადგილობრივი ეტიკეტები 1960 წელი

ამ პერიოდში „ბორჯომი“ უკვე ხდება საქართველოს სავიზიტო ბარათი. ქართული, უნიკალური მინერალური წყლის სახელმა მთელი მსოფლიო მოიარა. ამან კი თავის მხრივ უზრუნველყო „ბორჯომზე“ მოთხოვნის მუდმივი ზრდა. ჩამომსხმელი ქარხანა 100%-ანი დატვირთვით მუშაობდა. რაც შეეხება ბორჯომის კურორტს, იგი ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ დასვენების ადგილად გადაიქცა, რადგან აქ, საოცარი ბუნების გარდა, პირდაპირ წყაროდან შეიძლებოდა „ბორჯომის“ დაგემოვნება.

საექსპორტო ეტიკეტი 1960 წელი.

„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ახალი ქარხანა, რომელიც 1953 წელს აშენდა, სრული დატვირთვით მუშაობს, იმისთვის რომ დააკმაყოფილოს მუდმივად მზარდი მოთხოვნა ქართულ მინერალურ წყალზე. თანდათანობით ნათელი ხდება, რომ საწარმოს გაფართოება, ახირება კი არ იყო, არამედ აუცილებლობა, და უკვე 1969 წელს, მუშაობას იწყებს ჩამომსხმელი ქარხანა № 2. ჯერ კიდევ, 1961 წელს , „ბორჯომის“ საექსპორტოდ ჩამოსხმული ბოთლების რაოდენობა, იმ დროისთვის რეკორდულ ციფრს - 423 ათასი ბოთლს შეადგენს.

ადგილობრივი ეტიკეტები -1970 – 1980 წლები.

საექსპორტო ეტიკეტები 1970- 1989 წლები.

80-იანი წლები უხვი და ბარაქიანი აღმოჩნდა „ბორჯომის“ მინერალური წყლისთვის. 1957 - 1978 წლებში „ბორჯომის“ საბადოს ტერიტორიაზე ჩატარებული საბურღი სამუშაოების შედეგად, „ბორჯომის“ მოპოვების საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. გაიზარდა იმ ჭაბურღილების რიცხვი, საიდანაც ხდებოდა წყლის მოპოვება. შესაბამისად, გაიზარდა პროდუქციის რაოდენობა: 80-იან წლებში, წელიწადში, დაახლოებით 400 მილიონი ბოთლი „ბორჯომი“ ისხმებოდა.


ეტიკეტი 1990 წელი.

საბჭოთა კავშირის დაშლა და ამის თანმდევი არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში, „ბორჯომის“ ჩამოსხმაზეც აისახა: 5 მილიონი ბოთლის წარმოება წელიწადში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო ამ ბრენდის არსებობის ისტორიაში. მიუხედავად ამისა, ისინი ვინც „ბორჯომის“ ბრენდით იყვნენ იმ პერიოდში დაკავებულნი, ცდილობდნენ ოპტიმისტურად ეფიქრათ მომავალზე, გულისყურით, თავდაუზოგავად, რუდუნებით ეპყრობოდნენ საწარმოოო პროცესების ყველა ეტაპს.

ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ - ნაციონალური ფასეულობაა, რომლის გადარჩენას, დაცვას და შენარჩუნებას ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი ცდილობდნენ.

Georgian Glass & Mineral Water Co. N. V. - პერიოდის „ბორჯომის“ პირველი ეტიკეტები.

 1995 წელი „ბორჯომის“ უახლესი ისტორიის პირველი ეტაპი გახდა. სწორედ მაშინ დაფუძნდა კომპანია Georgian Glass & Mineral Water Co. N. V. - რომელმაც თავის თავზე აიღო ბრენდის წარმოება და განვითარება. საწარმო საინტერესო გახდა უცხოელი ინვესტორებისთვის (EBRD, მსოფლიო ბანკი, ჰოლანდიური ფონდი “ING Barings”). მოზიდულმა ინვესტიციებმა შესაძლებელი გახადა ორივე ჩამომსხმელი ქარხნის მოდერნიზება . უმოკლეს დროში „ბორჯომი“ მინის ბოთლებში ჩამოისხა და ლეგენდარული, საყვარელი მინერალური წყალი მომხმარებელს დაუბრუნდა.