„ბორჯომი“ ისტორია

სანდო წყაროებზე დაყრდნობით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უნიკალური მინერალური წყლის „ბორჯომის“ ისტორია თითქმის 2000 წელიწადს ითვლის. ბორჯომის ხეობაში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ქვისა და ხისგან გაკეთებული რამდენიმე აუზი და აბანო იქნა აღმოჩენილი. ზოგიერთი ისტორიული ჩანაწერის თანახმად, ძველ დროს მინერალურ წყალს მხოლოდ აბაზანებისთვის იყენებდნენ. თუმცა, უდიდესმა ქართველმა მეცნიერმა ივანე ჯავახიშვილმა დაამტკიცა, რომ უძველეს დროში მინერალური წყალი, თავისი უნიკალური თვისებების გამო, სასმელადაც გამოიყენებოდა.

1825 წლის გაზაფხულზე, ხერსონის გრენადერთა პოლკი ბორჯომში განთავსდა. ერთხელ, ჯარისკაცებმა მდინარე „ბორჯომულას“ მარჯვენა სანაპიროზე ნაპრალიდან ვერტიკალურად ამომავალი წყარო აღმოაჩინეს და თბილი წყაროს წყალი პოლკის მეთაურს, პოლკოვნიკ პოპოვს მიუტანეს, რომელსაც კუჭის დაავადება აწუხებდა. მან თავის თავზე გამოსცადა წყლის უნიკალური თვისებები და შედეგმა იმდენად განაცვიფრა, რომ ბრძანება გასცა, წყარო ქვებით შემოეღობათ და მის ახლოს პატარა ქოხი აეშენებინათ. პოლკოვნიკი პოპოვი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც თავის ახლობლებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამ წყაროს წყლის დალევა ურჩია.

ხერსონის გრენადერთა პოლკი

1837 წელს „ბორჯომის“ მინერალური წყლები ქართველ გრენადერთა პოლკის ადმინისტრირების არეალში მოექცა. ექიმმა ამიროვმა წყლის პირველი სინჯები სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში გაგზავნა.

ხერსონის პოლკი

1841 წლისთვის „ბორჯომის“ მინერალური წყლების საოცარი თვისებები რუსეთში მთავარი სასაუბრო თემა გახდა. სწორედ ამან უბიძგა კავკასიის მთავარმართებლის, გენერალ-გუბერნატორ ევგენი გოლოვინის ქალიშვილს ბორჯომში ჩასულიყო. მართალია, ისტორიული წყაროები არ აზუსტებენ ინფორმაციას გენერლის ქალიშვილის დაავადების შესახებ, მაგრამ ფაქტია, ის განიკურნა. ამ შემთხვევის გამო მინერალური წყლის პირველ წყაროს მის პატივსაცემად „ეკატერინსკი“ეწოდა, ხოლო იმავე პერიოდში ნაპოვნ მეორე წყაროს - „ევგენიევსკი“, თავად გენერალ-გუბერნატორის სახელი.

პირველი საბადო

1850 წელს ბორჯომში მინერალური წყლების პარკი დაარსდა. 1894 წელს კი დასრულდა ბორჯომის ჩამომსხმელი პირველი ქარხნის მშენებლობა.

მინერალური წყლის პარკი

ამასობაში სამკურნალო თვისებების მქონე საბადოს შესახებ ამბავმა მთელი რუსეთის იმპერია მოიარა. ბორჯომი იზრდება და ვითარდება როგორც კურორტი. შენდება ახალი სასახლეები, პარკები, სკვერები, სასტუმროები. 1894 წელს გაყვანილმა ხაშური - ბორჯომის სარკინიგზო ხაზმა მნიშვნელოვნად მოაგვარა მიმოსვლის პრობლემა. მანამდე დამსვენებლებს 8 – 9 საათის მანძილზე უხდებოდათ ფაეტონებით ან ურმებით მგზავრობა თბილისდან ბორჯომამდე.

1894 წელს  მიხეილ რომანოვი ასრულებს ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობას მინერალური წყლების პარკში. აღსანიშნავია, რომ ამ ქარხნამ მეოცე საუკუნის 50 - იან წლებამდე იმუშავა.

1896 წელს პირველი მინის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა. 1950 წლამდე ბოთლებს აქ ხელით ბერავდნენ.

1904 წელს შესაძლებელი გახდა „ბორჯომის“ წარმოების ნაწილობრივი მექანიზაცია. მინის ჩაბერვა ჯერ კიდევ ხელით ხდებოდა, თუმცა ჩამოსხმა უკვე მექანიზებული გახდა. ამ წლით თარიღდება გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება „ბორჯომის“ ვაგონებით გაყიდვის შესახებ. წყლის ჩამოსხმა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. თუ 1854 წელს ბორჯომიდან სულ რაღაც 1350 ბოთლი იქნა გატანილი, 1905 წელს ამ რიცხვმა 320 ათასი, 1913 წელს კი 9 მილიონი ბოთლი შეადგინა.

საქართველოს გასაბჭოებამ „ბორჯომის“ პოპულარობას ხელი არ შეუშალა. შეიცვალა მხოლოდ დამსვენებელთა სტატუსი და ელიტა. რომანოვი სტალინმა შეცვალა, რომელსაც ასევე ძალიან უყვარდა ეს მინერალური წყალი. კრემლში არც ერთი ღონისძიება არ ტარდებოდა „ბორჯომის“ გარეშე.

1960-იანი წლების „დათბობამ“ „ბორჯომს“ შანსი მისცა სახელი საზღვარგარეთაც მოეხვეჭა. 1961 წლიდან დაიწყო „ბორჯომის“ ექსპორტი მსოფლიოს 15 ქვეყანაში. ამ ქვეყნების რიცხვში შედიოდა აშშ, საფრანგეთი და ავსტრია.1980-იან წლებში „ბორჯომის“ რეალიზაციამ 400 მილიონ ბოთლს გადააჭარბა. „ბორჯომი“ ყველაზე პოპულარული მინერალური წყალი იყო მთელ საბჭოთა კავშირში.

1990-1995 წლებში შიდა ეკონომიკური სიძნელეების გამო „ბორჯომის“ წარმოება საგრძნობლად შემცირდა. 1995 წელს შეიქმნა კომპანია Georgian Glass & Mineral Water Co. N. V., დღევანდელი IDS ბორჯომი საქართველო, რომელმაც განაახლა „ბორჯომის“ წარმოება. დღეს, ბუნების ამ ძვირფას საჩუქარს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ.