„ბორჯომის“ მოპოვება

დღესდღეობით ბორჯომის ხეობაში არსებული საექსპლოატაციო ჭაბურღილებიდან მინერალური წყალი თვითდენის რეჟიმში მოედინება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საბადოდან სწორედ იმ რაოდენობის მიენრალურ წყალს მოვიპოვებთ, რასაც ბუნება თავად გვჩუქნის. სწორედ ამ საექსპლოატაციო ჭაბურღილების მეშვეობით, რომელთა სიღრმეც ზოგ შემთხვევაში 1500 მეტრსაც კი აღწევს, და ასევე, ნახშირორჟანგა გაზის დახმარებით, მინერალური წყალი მიწის ზედაპირზე ამოდის.

„ბორჯომის“ ჩამოსხმელი ქარხანა

„ბორჯომის“ ჩამოსხმა სრულად ავტომატიზირებულ მაღალტექნოლოგიურ ხაზებზე ხორციელდება. თანამედროვე ტექნოლოგიები და ხაზების სიმძლავრე წყლის რესურსის სრულად ათვისების შესაძლებლობას იძლევა.

საბადოდან ჭაბურღილების მეშვეობით მიღებული მინერალური წყალი პირდაპირ ჩამომსხმელ ქარხანაში ხვდება, სადაც ცივდება, ჯერდება ბუნებრივი ნახშირორჟანგა გაზით და ისხმება ბოთლებში, რის შემდეგაც ხდება ბოთლების მოხუფვა და ეტიკეტირება. 2017 წელს „ბორჯომი“ ახალი, ალუმინის ქილების შეფუთვით გამოვიდა ბაზარზე. ქილის მოცულობა 0.33 ლიტრია.

ბოლო წლებში „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნის სრული რეაბილიტაცია - რენოვაცია განხორციელდა. ახალი ქარხანა თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა. მუდმივად განვითარებადი და განახლებადი საწარმოო ტექნოლოგია, ინოვაციურობა და ახალი ტრენდების დანერგვა ბაზარზე აქცევს მინერალური წყლის „ბორჯომის“ მწარმოებელ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინდუსტრიის ლიდერად.

ხარისხის მართვა და სტანდარტები

კომპანიის პროდუქციის წარმოება სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ხარისხის მართვა წარმოებს ხარისხის უზრუნველყოფისა და მუდმივი გაუმჯობესების თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით. კომპანიის ხარისხის მართვის სისტემა ფარავს მიწოდების ჯაჭვის მთელ ციკლს: ნედლი მასალებიდან საბოლოო მომხმარებლამდე, ყველა სარეალიზაციო ბაზარზე. კომპანიასა და მის საწარმოებში დანერგილია ხარისხის მართვის სტანდარტი ISO 9001:2008.

მოპოვებული და ქარხნებში შემოსული მინერალური წყალი გადის ყოველდღიურ მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ შემოწმებას ISO 17025:2010 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიებში.

ორივე ქარხანაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა HACCP და ISO 22000:2005, რომლის ეფექტურ განხორციელებას უზრუნველყობს ხარისხის სპეციალისტების კარგად მომზადებული გუნდი. დიდი ყურადღება ეთმობა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად საერთაშორისო ჰიგიენისა და წარმოების პრაქტიკის დანერგვა-გატარებას.

ხარისხის მართვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი მომხმარებელთან უკუკავშირია. საქართველოსა და საექსპორტო ბაზრებზე მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი. ინფორმაციის მოგროვება ხდება სოციალური ქსელების საშუალებითაც. ეს ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში ანალიზდება და გადაეცემა შესაბამის განყოფილებას შემდგომი რეაგირებისათვის.

2016 წელს კომპანიამ გარემოს მართვის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 14000 მიიღო. მომპოვებელ და ჩამომსხმელ საწარმოებში უკვე დანერგილია და მუშაობს ნარჩენების მართვისა და სეპარირების პროგრამები.