ბორჯომის ხეობა

კავკასიის მთები მთელს მსოფლიოში ცნობილია თავისი სილამაზითა და სიდიადით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი კი უდიდესია ევროპაში, იგი 61,235 ჰექტარზეა

გადაჭიმული. მშვენიერმა ბუნებამ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კლიმატმა და რაც მთავარია, მინერალურმა წყლებმა, ბორჯომი, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტად აქცია. მეცნიერები და ეთნოგრაფები მის „კლიმატურ ფენომენზე“ ამახვილებენ ყურადღებას. ბაკურიანის მთებიდან წამოსული კამკამა, ცივი წყალი, კლდის ძირში გაზრდილი რელიქტური ფიჭვნარი, განსაკუთრებულ ეკოსისტემას ქმნის, რომლის ვულკანურ წიაღშიც იბადება მსოფლიოში ცნობილი, მინერალური წყალი „ბორჯომი“. წყლის უნიკალურ თვისებებზე ჯერ კიდევ უძველეს ეპოსშია საუბარი. ისტორიკოსებისა და არქეოლოგების მტკიცებით, ძველად „ბორჯომს“ არა მარტო სვამდნენ, არამედ სამკურნალო აბაზანებისთვისაც იყენებდნენ. ამას ადასტურებს გათხრების დროს ნაპოვნი ქვის აბაზანები, რომელიც ჩვ.წ.აღ-ით პირველი ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება. გარდა ამისა, აღმოჩენილია შუა საკუნეების თიხის მილები, რომელიც ბორჯომის ზოგიერთ წყაროს უერთდებოდა. XVI-XVIII საუკუნეებში მრავალრიცხოვანი ომებისა და მტრის შემოსევების გამო, ეს ადგილები მოსახლეობამ მიატოვა და დიდი ხნით დავიწყებას მიეცა. მე-XIX საუკუნეში, საქართველოს რუსეთის იმპერიასთან მიერთების შემდეგ კი, მინერალური წყალი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.

„ბორჯომის“ მინერალური წყალი სათავეს კავკასიის მთებში, აჭარა-იმერეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში იღებს,ზღვის დონიდან 850 – 2500 მეტრის სიმაღლეზე. „ბორჯომის“ მინერალური წყალი ბორჯომის ნაკრძალში მდებარე ჭაბურღილებიდან მოიპოვება, რომელთა სიღრმე 200 დან 1500 მეტრამდე მერყეობს.

„ბორჯომის“ ჭაბურღილები

„ბორჯომის“ საბადოს კვლევა 1927 წლიდან დაიწყო. 1927-დან 1982 წლამდე პერიოდში გაიბურღა სხვადასხვა (18,4-დან 1502 მეტრამდე) სიღრმის 57 ჭაბურღილი. კვლევითი სამუშაოების ჩატარებამდე, საბადოს ცენტრალურ მონაკვეთზე, ორი მინერალური წყარო არსებობდა: ევგენისა და ეკატერინეს წყაროები. ეს წყაროები „ბორჯომის“ ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი პირველად აღმოჩენილი. წყაროებს სახელი პოლკოვნიკ ევგენი გოლოვინისა და მისი, წყლით განკურნებული ქალიშვილის, ეკატერინეს პატივსაცემად ეწოდათ.

დღეს, ბორჯომის ველზე სამი საექსპლუატაციო მონაკვეთია: ცენტრალური (ქალაქ ბორჯომის ფარგლებში), ლიკანის (სოფელ ლიკანის ტერიტორიაზე) და ვაშლოვან-ყვიბისის (სოფლების: ვაშლოვანისა და ყვიბისის ტერიტორიებზე). ამ მონაკვეთზე განლაგებულია საექსპლუატაციო ჭაბურღილებიც. 2000 წლიდან სისტემატურად ტარდება საწარმოო ჭაბურღილების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა კომპლექსი, რომლის მიზანია ხარისხის მაღალი, საერთაშორისო სტანდარტების შენარჩუნება.

„ბორჯომის“ საბადო

1957-1978 წლებში, ბურღვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბორჯომის საბადოს საზღვრები და საგრძნობლად გაიზარდა წყლის მარაგი, რამაც, საბჭოთა პერიოდში, შესაძლებელი გახადა წელიწადში 400 მილიონი ბოთლი „ბორჯომი“ ჩამოესხათ.

კავკასიაში ბევრი მინერალური წყალი მოიპოვება, მაგრამ არც ერთ მათგანს არ გააჩნია ისეთი შემადგენლობა, როგორიც „ბორჯომს“. XIX საუკუნიდან დაწყებული წყლის უნიკალურ თვისებებზე 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და

სამედიცინო კვლევა გამოქვეყნდა. 170 წელზე მეტია, „ბორჯომის“ საბადო გეოლოგებისა და ქიმიკოსების მუდმივი დაკვირვების ქვეშაა. მათი კვლევები ადასტურებენ მინერალური წყლის ტემპერატურის, ფიზიკური და ქიმიური თვისებების და მისი მინერალური შემადგენლობის უცვლელობას. დღეს „ბორჯომის“ შემადგენლობა ზუსტად ისეთია, როგორიც იყო მისი აღმოჩენის დროს. ამას ამტკიცებს, 1890 წლიდან დღემდე, რეგულარულად წარმოებული კვლევის შედეგები.